19 November 2009

ამოსავალი პოზიცია

პირველი სტატიის მთავარ კითხვად დავსახეთ ადამიანური შემეცნების რაობის და მისი საზღვრების საკითხი.
ანუ,ის,თუ რამდენად შეუძლია ადამიანურ შემეცნებას წარმოსდგეს ადამიანის შინაარსში არსებულ იმ ერთადერთ გარანტად,რომლითაც ადამიანი სრულად და ნათლად მისწვდება საკუთარი არსების და სამყაროს ყოფიერების რაობა –დანიშნულებას.

ადამიანის არსების და მიზნის წვდომა–აღქმა და სამყაროს ნამდვილი და მთლიანი სახის რაობის აღქმა კი ნიშნავს იმ პროცესებში სრულიად ცნობიერად ჩადგომას, რასაც სამყაროსა და კაცობრიობის, თითოეული ადამიანის არსებობა–განვითარება ჰქვია და რომელშიც ადამიანი დღესდღეობით ძირითადად არაცნობიერად მინაწილეობს.

შესავალ ნაწილში ჩვენ ისეთნაირად დავსვით შემეცნების საკითხი, რომ იგი თითქოსდა ყოვლად არამეცნიერულ პოზიციას– შემეცნებისადმი "ნდობას" დავუკავშირეთ.
თუ ვინმე "დაგვადანაშაულებს" ამგვარი არამეცნიერული ტერმინის გამოყენებასა და ტერმინით გამოხატულ მიმართებაში, მაშინ ჩვენ მას ვეტყვით, რომ ნებისმიერ მეცნიერულ ექსპერიმენტს საფუძვლად უდევს სწორედ ნდობა,რის მეოხებითაც აღნიშნული ექსპერიმენტი რეალურად ხორციელდება (აქ არ ვეხებით ექსპერიმენტის შინაარსს და შედეგებს). უფრო მეტიც:როდესაც ადამიანი რეფლექსიის ელემენტის მონაწილეობით სასიცოცხლოდ აუცილებელ ქმედებებს ახორციელებს(და ამის გარეშე შერაცხადი ადამიანის არც ერთი ქმედება არ ხორციელდება)ეს ქმედება –თავის რეფლექსიის ელემენტიანად მთლიანად ნდობას ემყარება. ნდობას იმის მიმართ,რაც ადამიანის რეფლექსიისა და გრძნობის გამჭოლ არსებობს, როგორც მისი მაარსებელი რამ.ანუ, როგორც ის, რაც აარსებებს ადამიანის გრძნობა–გონებას და ერთიანად მსჭვალავს მათ გამოხატავს რა კონკრეტული ქმედების სახით.

ამ გაგებით (რომელსაც თამამად შეგვიძლია ობიექტური ვუწოდოთ) თუკი ნებისმიერი მეცნიერული ექსპერიმენტი ნდობის განწყობით და ამ პოზიციის ქვეშ ხორციელდება და წარმოებს,მაშ რატომ არ უნდა განვავრცოთ აღნიშნული პოზიცია იმ ექსპერიმენტის მიმართ, რომლსაც შემეცნებისთეორიული ექსპერიმენტი შეიძლება ვუწოდოთ? სწორედ რომ შემეცნებისთეორიული ექსპერიმენტის წყალობით საუკუნეების მანძილზე აბსტრაქტული თეორიის გისოსებიდან გამოვათავისუფლოთ შემეცნება, რაც ნიშნავს შემეცნებას პრაქტიკაში. შემეცნება– როგორც პრაქტიკა და პრაქტიკის შემეცნება – აი ის გზა,რომელზეც გაგვიყვანს ნდობის პოზიციიდან წარმომდგარი შემეცნების თეორიის ექსპერიმენტი.
ამ მართლზომიერებას ვერ შეეწინააღმდეგება ვერავითარი კონტრარგუმენტი, რადგან ნებისმიერი მათგანი სწორედ გარკვეულ ნდობაზე იქნება დაფუძნებული.

ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ფართოდ გაღებული გულისყურით განვაცხადოთ, რომ ეს პირველნდობა ვლინდება ორგვარად:არსებობს მიკეძოებულობისადმი სიმპატიით განმსჭვალული ნდობა, და ნდობა მიუკერძოებლობისადმი, როგორც ყოველგვარი განკერძოებული და ამდენად მთელის ვერ მომცველის საპირისპირო.

თუ ეს ზემორე აზრები მართლზომიერია და ამდენად – მიუკერძოებელი,მაშინ უფლება გვაქვს განვიხილოთ ეს ორივე მათგანი,და მათი განსხვავების პროცესში ამავე დროს გავემიჯნოთ ყოველგვარ მიკერძოებულობისადმი მიდრეკილებას და სიმპათიკური განწყობიდან დაბადებულ ცრურწმენას (საუბარია მეცნიერულ ცრურწმენაზე).

პირველი პუნქტის დასაკმაყოფილებლად უნდა მივმართოთ იმ უდიდესი მოაზროვნის შემეცნების თეორიის შეძლებიდაგვარად მოკლე და ნათელ განხილვას, რომელმაც ჩიხში შეიყვანა თანამედროვე კაცობრიობის შემეცნების მიმართულება. თავად სწორედ დოგმატიზმის წინააღმდეგ და ცრურწმენის დამსხვრევის მიზნით შექმნილმა ააგო წარმოუდგენელი ძალის ახალი მეცნიერული დოგმატიზმი და შემეცნების თეორიის სახით და გადაულახავი უფსკრული წარმოქმნა ადამიანის გონებასა და მის წინაშე გადაშლილ სამყაროს შორის, რომლის წევრად თავად ადამიანიც წარმოგვიდგება.

ვსაუბრობთ კანტის შემეცნების თეორიაზე, რომელიც დღემდე წარმოადგენს საბუნებისმეტყველო მეცნიერული აზროვნების საფუძველს და არამარტო მეცნიერულ, არამედ მყარად აქვს ფესვი გადგმული ჩვეულებრივი ადამიანის ფსიქო–რეფლექსიურ კონსტიტუციაში

ცოტა რამ ბლოგის შესახებ:)

უწინარესად მადლობას ვუხდი ბლოგის იდეის ავტორს და მის რეალურ პატრონს– სალომეს.აგრეთვე თანაავტორთა ჯგუფს, ანუ მათ, ვინც რაიმენაირად მონაწილეობდა ამ ბლოგის იდეის მომწიფებასა და მომზადებაში.

მადლობა ინტერნეტქალაქ "თბილისოს"და მის წევრებს–სოფოს,ბექას,ანას,ზურას,სალომეს, გიორგის,დავითს,ნატას, ყველას, ვინც გარკვეული იდეური მონაწილეობა მიიღო ამ ბლოგის შექმნაში.
მადლობა აგრეთვე იმ ადამიანებს,რომლებიც ბლოგში წამოჭრილი თემატიკის და საერთოდ ამ ბლოგის მიმართ გამოავლენენ შემეცნებით ინტერესებს.

პირველი შესავალი სტატიების შემდგომ, ბლოგს მიეცემა ენციკლოპედიური შინაარსი, რომელიც მთლიანად დაეფუძნება ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ სულისმეცნიერებას, როგორც ერთადერთ სწორად ორიენტირებულ ეზოთერულ მიმართულებას თანამედროვე ეტაპზე.


ბლოგის მფლობელი და მისი დამხმარე შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის ანთროპოსოფიული ლიტერატურის ქართულ ენაზე მთარგმნელებს.მადლიერებას და მოწიწებას გამოხატავს ქართულ ენაზე ანთროპოსოფიული ლიტერატურის ერთერთი პირველმთარგმნელების–მერაბ კოსტავს,ზვიად გამსახურდიას,გიორგი ნიშნიანიძის,ვიტალი დარსანიას,მიმართ,ხოლო ახლი თაობიდან –მარინა ანდრონიკაშვილს, გიორგი მესხს,მაკა კანდელაკს და მომავალში იმ ავტორებს, რომელთა ორიგინალიდან შესრულებულ თარგმანებს დაეყრდნობა ბლოგის ენციკლოპედია.

ახლა კი მივუბრუნდეთ შესავალი თემის ამოსავალ საკითხს ადამიანის შემეცნების უნარის რაობისა და მისი მეთოდების შესახებ.

08 November 2009

ბლოგის შესახებ

ბლოგი "ლოგოსი" ემსახურება ადამიანურ შემეცნებას. შემეცნების გაფართოებას და სრულყოფას. ბლოგი "ლოგოსი" დაარსდა განსხვავებული პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანებისათვის, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ: შემეცნების ცნობა და აღიარება იმ ერთადერთ სანდო საყრდენად, რომელიც განაპირობებს ადამიანის არსებობის შენარჩუნების და სრულყოფის პირობას.

მიემართება რა ზოგად აუდიტორიას,ბლოგი არ არის "პოპულისტური" ტენდენციის მქონე. ის მიმართავს და ემსახურება იმ ადამიანების კატეგორიას, რომელთა განწყობა ნდობით არის აღჭურვილი შემეცნების მიმართ და მათი დამოკიდებულება შემეცნებისადმი არ შეიცავს მიკერძოებულ და წინასწარ აკვიატებულ სკეპტიციზმს, აგნოსტიკურ ნოტებს.

ბლოგი "ლოგოსი" თანაბრად დააკმაყოფილებს ფილოსოფიით, მეცნიერებით, ხელოვნებით, რელიგიით დაინტერესებულ ადამიანებს, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს, აღმსარებლობაში მდგომს და მატერილისტ–ათეისტს, ვისაც კი გულის სიღრმეში გააჩნია ადამიანური შემეცნებისადმი ნდობა.ნდობა,რომელიც ემყარება მართებულ განწყობას შემეცნების გაფართოების უსაზღვრო შესაძლებლობების მიმართ.

ამგვარად განწყობილ ადამიანს ბლოგ "ლოგოსის" მეშვეობით შესაძლებლობა მიეცემა თავისი პირადი გონებაჭვრეტითი უნარით დარწმუნდეს, რომ ადამიანის მიერ სწორად დასმული ყველა შეკითხვა თავის თავში მოიცავს პასუხს, ხოლო ამ პასუხის მოპოვების პირობას წარმოადგენს შემეცნებითი ექსპერიმენტი, ანუ ამ შემთხვევაში სულიერ–ცდისეული ექსპერიმენტი. სწორედ იმგვარად, როგორც ფიზიკურად არსებობს ნებისმიერი კერძო მეცნიერული ექსპერიმენტი.

შესაბამისად, ბლოგ "ლოგოსის" მიმართულებისა და მის მიერ მოწოდებული ყველა სტატიის საფუძველს წარმოადგენს სულიერი შემეცნებით მოპოვებული ცოდნის შედეგები, იმის მსგავსად,როგორც უძველესი დროიდან მოყოლებული მიემართებოდა ადამიანი სულიერ სამყაროს და ამ წვდომიდან იბადებოდა ის,რაც კაცობრიობისათვის ცნობილია თალესის, პითაგორას, ჰერაკლიტეს, პარმენიდეს, სოკრატეს, პლატონის, დიონისე არეოპაგელის, ფილონ ალექსანდრიელის, თომა აქვინელის, დანტეს, რუსთაველის, რაფაელის, ლეონარდოს, პარაცელსიუსის, ბიომეს, შელინგის, ნოვალისის, გოეთეს, შილერის და სხვათა და სხვათა ნააზრევის,აღმოჩენებისა თუ მხატვრული შემოქმედების სახით.

იმისათვის, რათა დასაწყისიდანვე გაიფანტოს ყოველგვარი ბურუსი , ბლოგი "ლოგოსი" თავის პირველ სტატიაში დასვამს თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ცხოვრებისათვის უსაჭიროესი კითხვას– არა თეორიულ აბსტრაქტულ, არამედ კონკრეტულ ცხოვრებისეულ სულიერ ჭრილში: "რა არის ადამიანური შემეცნება და რას უნდა მოელოდეს ადამიანი მისგან?" ადამიანის სამშვინველის წინაშე ამ შეკითხვის დასმით იწყებს ბლოგი "ლოგოსი" ადამიანის შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებას სულისმეცნიერული პოზიციიდან.